რუბრიკები
ზუგდიდში მარტოხელა დედის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრეს (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და მასთან არსებული "თანასწორობის კლუბის" ინიციატივით, მარტოხელა დედების წინაშე არსებულ  გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრის მიზანი იყო იმ პრობლემების წინ წამოწევა, რომლებსაც მარტოხელა დედები საზოგადოებაში აწყდებიან. აგრეთვე, მათი მხარდაჭერის მიზნით, ადგილობრივ დონეზე იდეების გენერირება არსებული რესურსებით, ვიდრე მთავრობა მარტოხელა დედების სტატუსს არ განსაზღვრავს. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: მარტოხელა დედები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების და სოციალური სააგენტოს წარმომადგნელები. შეხვედრაზე ითქვა, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს მარტოხელა დედების სტატუსის განსაზღვრა და შემდეგ უნდა ამოქმედდეს მათი სოციალური თუ სამართლებრივი დაცვის მექანიზმები. ასოციაცია "თანაზიარის" ხელმძღვანელის ხათუნა ბეჭვაიას თქმით, არ არსებობს მარტოხელა  დედების სრული სტატისტიკა, თუმცა  არსებობს 2012-13 წლების სტატისტიკა. "ამ წლებში, 30 ათასამდე ქალბატონმა სამშობიაროდან შვილი საკუთარი გვარით  გამოიყვანა, რაც შემაშფოთებელი სტატისტიკაა", - ამბობს ხათუნა ბეჭვაია. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა  "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" მიერ წარდგენილი წინადადება, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრას ეხებოდა, მოიწონა და მხარი დაუჭირა. პარლამენტის მიერ საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერის შემთხვევაში, სამოქალაქო და საგადასახადო კოდექსებში ცვლილებები შევა.  
Print