რუბრიკები
პლანეტის ინტერნეტით დასაფარად Google საჰარეო ბუშტებს მომავალ წელს გაუშვებს
Google აპირებს გაუშვას პირველი აეროსტატები, რომლებიც მაღალსიჩქარიან ინტერნეტს პლანეტის ძნელად მისაწვდომ და უღარიბეს რეგიონებში „მიიტანენ“. ეს, საორიენტაციოდ მომავალ წელს მოხდება. პროექტის სახელწოდებაა Project Loon-ი და მას Google უკვე რამდენიმე წელია ავითარებს. Project Loon-ი მუშავდება ლაბორატორია Google X-ის ფარგლებში, სადაც ასევე შემუშავდა Google Glass-ი და ავტომობილი, რომელიც მძღოლის გარეშე იმართება. Project Loon-ის ხელმძღვანელმა ასტრო ტელერმა კონფერენციაზე EmTech-ი განაცხადა, რომ Google-მა პროგრესს მიაღწია მის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტში და გეგმავს პირველი აეროსტატები, უკვე მომავალ წელს გაუშვას. პროექტი ითვალისწინებს ქსელის შექმნას, რომელიც გააერთიანებს: საბაზისო სადგურს (მომსახურებას უწევს ადგილობრივი ინტერნეტ-პროვაიდერი), ქსელურ მოწყობილობებს საჰაერო ბუშტებში და ანტენეტს მოსახლეობის სახლების სახურავებზე. თითოეულ აეროსტატს შეუძლია უსადენო ინტერნეტი 40 კილომეტრის დიამეტრის ტერიტორიაზე გაავრცელოს. საჰარეო ბუშტები დაახლოებით 20 კილომეტრის სიმაღლეზე იქნება განთავსებული, რათა ხელი არ შეუშალოს თვითმფრინავების გადაადგილებას. Google-მა უკვე გააკეთა ტექნოლოგიის ტესტირება ახალ ზელანდიაში, ბრაზილიაში და აშშ-ის რამდენიმე შტატში. ბრაზილიაში ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ წამში 22 მეგაბაიტი მონაცემების გადაცემის სიჩქარეს მიაღწია ანტენებზე და 5 მეგაბაიტს/ წამში სმარტფონებზე. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის პროგნოზით, 2014 წლის ბოლოსთვის, პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს, ანუ 4 მლრდ ადამიანს, ინტერნეტთან წვდომა კიდევ არ ექნება. ასეთივე პროექტზე მუშაობს Facebook-იც და მის ინიციატივას Internet.org-ი ჰქვია. სოციალურმა ქსელმა შექმნა ლაბორატორია Connectivity Lab-ი, სადაც აპირებენ უპილოტო საფრენი აპარატების, ატმოსფერული თანამგზავრების და ლაზერების შემუშავებას, რათა ინტერნეტი მიაწოდონ ყველას, ვისაც ის სჭირდება.
Print