რუბრიკები
ზუგდიდში „ნაციონალები“ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიას უნდობლობას უცხადებენ (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  საჯარო მოხელეთა საატესტაციო-საკონკურსო კომისიას უნდობლობას უცხადებს. დეპუტატებმა ამის შესახებ განცხადებები დღევანდელ სხდომაზე გააკეთეს. დეპუტატი ანა წითლიძე ამბობს, რომ კომისია ობიექტური არ იქნება, რადგან მისი უმრავლესობა ქალაქის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მეგობრები არიან, ნაწილი - საჯარო მოხელეები. საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათლომე შელია კომისიის შემადგენლობით უკმაყოფილოა, რადგან  მისი თქმით, მასში  ოპოზიციის წარმომადგენელი არ არიან. დეპუტატების  განცხადებების საპასუხად, საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ თქვა, რომ ისინი მაქსიმალურად შეეცადნენ, კომისია ყოფილიყო საზოგადოებაში მაღალი ნდობის ხარისხის მქონე ადამიანებისგან დაკომპლექტებული და ობიექტური. მისივე განცხადებით, გარდა ამისა, კომისიას მონიტორინგს  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები გაუწევენ. როგორც ცნობილია, კომისიის მუშაობას  ასევე  დააკვირდებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ამავე სხდომაზე ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ ზუგდიდის სოფლებში სამართალდამცავი ორგანოები რეიდებს აწყობენ, რის გამოც მოსახლეობა პანიკაშია. მისივე თქმით, მსგავსი რეიდის დროს ერთ-ერთ სოფელში ოთხი ახალგაზრდა დააკავეს და მშობლებმა მათი ადგილსამყოფელი  მთელი დღის განმავლობაში არ იცოდნენ. მერამ ქვარაიამ განაცხადა, რომ რეიდებთან დაკავშირებით ის ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აღნიშნულით აუცილებლად დაინტერესდება. ამასთან, მან აღნიშნა , რომ სამართალდამცავების კანონიერ ქმედებაში  ეჭვი არ ეპარება.
Print