რუბრიკები
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა საჯარო მოხელეთა მიმართვა ,,ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“
რადიო "ათინათი" მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: "31 ოქტომბერს ინტერნეტ ტელევიზია ,,ფრეშნიუსისა" და სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"–ის ეთერში გავიდა სიუჟეტები სამეგრელოში  საჯარო სექტორში დასაქმებულ იმ ხელმძღვანელ პირებზე, (ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, წალენჯიხის გამგებელი გოგა გულორდავა, ქალაქ ზუგდიდის მერიის თანამშრობლები ირაკლი ამანათიძე და ჯიმშერ შეროზია ), რომლებიც ,,ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში სხვადასხვა  ბრალდებებით იყვნენ დაკავებული. სამწუხაროდ, ორივე სიუჟეტი იყო ტენდენციური და დაუბალანსებელი, სახეზე გვაქვს  ფაქტების აშკარა დამახინჯება და პირდაპირი თუ ირიბი მინიშნებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2–ის ჟურნალისტებმა ამ სიუჟეტისთვის ჩაწერეს ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" სამეგრელოს ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა, სიუჟეტში არ მოხვდა მისი შეფასებითი კომენტარი.  ასევე ტენდენციურად იქნა შეკვეცილი კონკრეტული თანამდებობის პირების  კომენტარები, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ზუგდიდში და ზოგადად სამეგრელოში, საეჭვო,კრიმინალური წარსულის მქონე  ადამიანები  უკანონოდ იკავებენ თანამდებობებს,რაც როგორც ჩანს, ამ სიუჟეტის ძირითადი მიზანი გახლდათ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ სიუჟეტში მოხსენიებული ყოველი საჯარო პირი  კანონის  სრული შესაბამისობით  იკავებს  თანამდებობას. არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ  სიუჟეტის უკან კონკრეტული დაინტერესებული პირები,ეგრეთ წოდებული დამკვეთები  დგანან. მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, დაინტერესდეს ამ სიუჟეტით და მისი ავტორებით. ჩვენ მზად ვართ ორგანიზაციას მივაწოდოთ დეტალური, დოკუმენტებით დასაბუთებული ინფორმაცია იმ სიცრუის  საპირისპიროდ, რომელიც ამ მედია საშუალებებით გავრცელდა."
Print