რუბრიკები
ზუგდიდში ფრაქციამ "თავისუფალი დემოკრატები" კოალიცია დატოვა
ზუგდიდის როგორც ქალაქის, ისე მუნიციპალიტეტის საკრებულოებებში ფრაქციამ "თავისუფალი დემოკრატები" კოალიცია "ქართული ოცნება"  სრული შემადგენლობით დატოვა. ქალაქის საკრებულოს წევრის "თავისუფალი დემოკრატებიდან" ნუგზარ სარიას თქმით, კოალიციის დატოვება თავისთავად ოპოზიციაში ყოფნას ნიშნავს, მაგრამ, მისივე თქმით, ისინი  მმართველ გუნდთან ერთად მუშაობას  ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. ამასთან, სარია ამბობს, რომ ის იურიდიული, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვის და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე რჩება. "საკრებულოში ადგილობრივი საკითხებია გადასაწყვეტი და ამ შემთხვევაში პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არა აქვს. პრობლემები ამომრჩევლების ინტერესების დაცვით უნდა გადაწყდეს და არა რომელიმე პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნა ნუგზარ სარიამ. სარიას მსგავსად, ამ ეტაპზე თანამდებობაზე რჩება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ადეიშვილიც. "ფრაქციაში ვრჩებით ყველა და მუშაობას ვაგრძელებთ იმ ამოცანებისთვის რაც დავისახეთ 2012 წელს. გავედით კოალიციიდან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამშრომლობას არ ვაგრძელებთ კოალიციასთან", - თქვა ლაშა ადეიშვილმა.
Print