რუბრიკები
OZZY OSBOURNE-ის სახელი ბაყაყის ახალ სახეობას დაარქვეს
მძიმე მუსიკის ლეგენდა, ოზი ოსბორნი ამფიბიების ახალი სახეობის ნათლიმამა გახდა. ამერიკელმა მეცნიერებმა მისი სახელი მერქნის ბაყაყების ერთ სახეობას დაარქვეს, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობს. დღეიდან ამ არსებებს ოფიციალურად ეწოდებათ Dendropsophus Ozzyi. ზოოლოგებმა ეს ქვესახეობა ამაზონის ტყეებში 2009 წელს აღმოაჩინეს და თავიანთი კვლევების შედეგები სამეცნიერო საზოგადოებას ახლახან წარუდგინეს. მეცნიერ პედრო პელოსოს სიტყვებით, „ოზი“ ძალიან პატარაა ზოგადად ბაყაყებისთვისაც კი. ყველაზე დიდი მათგანის ზომა მხოლოდ 2 სანტიმეტრს აღწევს. მათი აღმოჩენა მამრის უცნაური ხმებით მოხდა, რომელიც ღამურის წივილს წააგავს. ზოოლოგმა National Geographic-თან ინტერვიუს დროს განაცხადა: „როგორც კი მისი ხმა გავიგონე, მივხვდი, რომ ახალი სახეობა იქნებოდა, რადგან მსგავსი რამ არასდროს შეგვხვედრია… გადავწყვიტეთ, მისთვის სახელი ოზი ოსბორნის საპატივცემულოდ დაგვერქვა, რადგან ყველანი Black Sabbath-ის დიდი ფანები ვართ“. ცხოველთა სამყაროს ისტორიაში ეს არაა პირველი შემთხვევა. საკუთარი ნათლულები უკვე ჰყავთ: კინგ დაიმონდს (მის სახელს ჭიაყელას სახეობა Kingnites Diamondi ატარებს), „მოტორჰედის“ ლემი კილმისტერს (Kalloprion Kilmisteri ასე ქვია რგოლოვანი ჭიის სახეობას), აგრეთვე, ისეთი ჯგუფების მონაწილეებს, როგორებიც არიან: AC/DC, Bad Religion, Sex Pistols და Ramones.
Print