რუბრიკები
რაულ ხაჯიმბა - რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება საჭიროა და მას ხელი აუცილებლად მოეწერება
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება საჭიროა და მას აუცილებლად მოეწერება ხელი. ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ახალგაზრდა დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, შეთანხმებაში არ არის საუბარი აფხაზეთის სუვერენიტეტის შემცირებაზე. "რუსეთთან ურთიერთობები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთი უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას, შეთანხმების გაუმჯობესება კი შინაარსობრივად ჩვენზეა დამოკიდებული", - აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ლიდრის განცხადებით, შეთანხმება ასევე არ ითვალისწინებს საერთაშორისო საზღვრის გაუქმებას. ის მხოლოდ საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივებას ითვალისწინებს ფსოუზე ხალხისა და სატვირთო მანქანებისთვის. "შეთანხმება ასევე გადაწყვეტს აფხაზურ-ქართული საზღვრის გამაგრების საკითხებს და ისეთი სატრანსპორტო კომუნიკაციის შექმნას, რომ შესაძლებელი გახდეს ერთი გადასასვლელის მოწყობა და არა უმეტეს ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის არსებობა. სხვა დანარჩენი კი უნდა დაიხუროს", - აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ. სტუდენტებთან შეხვედრაზე აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ჟენევის მოლაპარაკებებს ქვეყნისთვის აუცილებელი პლატფორმა უწოდა. მისივე თქმით, სწორედ ჟენევის მოლაპარაკებების დროს ხდება აფხაზეთისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორიც საქართველოსთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელმოწერა, ჰუმანიტარული საკითხებისა და მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების საკითხებზე მსჯელობაა. "თუ ოდესმე დღის წესრიგში დადგენა ჟენევის პროცესის შეწყვეტა, სხვა ფორმატებსა და შესაძლებლობებზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც ჯერ არ გვაქვს", - აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ.
Print