რუბრიკები
ზუგდიდში 4 500 დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობა იგეგმება (ვიდეო)
ზუგდიდში , 4 500 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ახალი წლის შემდეგ დაიწყება. ამის შესახებ დევნილთა და განსახლების სამინისტროს სამმართველოს აჭარა-სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხელმძღვანელმა ელდარ ღურწკაიამ, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ღურწკაიას განმარტებით, ბარამიას ქუჩაზე 12 სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რომელიც 2 200 ოჯახზე იქნება განკუთვნილი, ხოლო ინგირის ტერიტორიაზე ბინები 2300 დევნილისთვის აშენდება. "რაც შეეხება აპლიკაციის შედეგებს, რომლიც დევნილებმა შეავსეს უკვე აშენებიული ბინების მისაღებად, თვის ბოლოს გახდება ცნობილი. გარდა ამისა, სამინისტროს აქვს პროექტი, რომლის თანახმად,  დევნილ ოჯახს 20 ათასი ლარის ფარგლებში შეუძლია მოიძიოს ბინა ან სახლი და მას სამინისტრო შეუძენს", - აღნიშნა ელდარ ღურწკაიამ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის  წარმომადგენლობის უფროსის მრჩევლის, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ნონა აუბილავას თქმით, დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა დევნილების ინფორმირებულობას მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომელიც რეგიონში განხორციელდება. "დღევანდელი შეხვედრით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მთავრობა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე უწყებები კოორდინრებულად მუშაობენ", - აღნიშნა ნონა უბილავამ.  
Print