რუბრიკები
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ემზარ კვიციანს 12 წლიანი პატიმრობა შეუფარდა (ვიდეო)
ემზარ კვიციანს 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე შოთა ბიჭიამ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. კვიციანის ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას არასამართლიანს უწოდებს და მის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ემზარ კვიციანი 2006 წლიდან შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებასა და სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით იყო ძებნილი. შეიარაღებულ დაპირისპირებამდე კოდორის ხეობაში საქმე მას შემდეგ მივიდა, რაც თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა რაზმი „მონადირე“ გააუქმა, რომელსაც ემზარ კვიციანი ხელმძღვანელობდა. ადგილობრივებით დაკომპლექტებული შენაერთი ხეობაში 1994 წლიდან არსებობდა. საკუთარ რაზმთან ერთად ემზარ კვიციანმა დაუმორჩილებლობა გამოცხადა, რასაც ხეობაში სპეცოპერაცია მოყვა, რა დროსაც გარდაიცვალა ერთი ადგილობრივი მცხოვრები. რამდენიმე დღიანი სპეცოპერაციის შემდეგ, სამართალდამცველებმა „მონადირის“ ძირითადი შემადგენლობა განაიარაღეს, ემზარ კვიციანმა კი ქვეყანა დატოვა და თავი რუსეთს შეაფარა. იგი სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 28 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა კვიციანი მოსკოვიდან საქართველოში ჩამოფრინდა. კვიციანის სასამართლო განხილვები ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობაში 2 თვეა მიმდინარეობს და მას გალი-გულირიფშის სასამართლო განიხილავს.
Print