რუბრიკები
Skype-ის გამოყენება პირდაპირ ბრაუზერიდან გახდება შესაძლებელი
Microsoft -მა თავისი ბლოგის საშუალებით განაცხადა, რომ Skype-ის მომხმარებლები, ზარების განხორციელებას პირდაპირ ბრაუზერიდან შეძლებენ და კომპიუტერზე Skype-ის დაყენება აღარ გახდება საჭირო. „ჩვენ Skype-ის აბსოლუტურად ახლებურად გამოყენების სერვისს ვუშვებთ. ამიერიდან, Skype-ს გაშვება არამხოლოდ ნებისმიერ ეკრანზე იქნება შესაძლებელი, არამედ თქვენ შეგეძლებათ ურთიერთობა ბრაუზერის საშუალებით. ჩვენ ვაცხადებთ Skype-ის ბეტა-ვერსიის გაშვების შესახებ ვებისთვის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. Skype-დან ზარის განსახორციელებლად, ან ჩატის დასაწყებად, მომხმარებელი უნდა შევიდეს სერვისის საიტზე და იქ თავისი სარეგისტრაციო მონაცემები შეიყვანოს. ტექსტური ჩატის საწარმოებლად, დამატებითი ქმედებები არ იქნება საჭირო, ხოლო აუდიო და ვიდეო-ზარებისთვის კი საჭირო იქნება ბრაუზერის გაფართოების დაყენება. Microsoft -ს მიაჩნია, რომ Skype-ის ვებ-ვერსია იმ ადამიანებისთვის იქნება სასარგებლო, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ და იძულებული არიან სასტუროების და ინტერნეტ-კაფეების კომპიუტერებზე იმუშაონ. გარდა ამისა, ახალი სერვისი გამოადგებათ მათაც, ვისაც სამუშაო კომპიუტერზე Skype-ის დაყენების ადმინისტრაციული ნებართვა არა აქვს. Skype-ის ვებ-ვერსია იმუშავებს ყველა ამჟამად პოპულარულ ბრაუზერზე - Internet Explorer-ზე, Chrome-ზე, Firefox-ზე და Safari-ზე. თავდაპირველად Skype-ის ბეტა-ვერსია ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებელთა შეზღუდული წრისთვის, თუმცა Microsoft -ი ამბობს, რომ უახლოეს თვეებში მას მთელ ინტერნეტს შესთავაზებენ.
Print