რუბრიკები
ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება
თვითმმართველ ქალაქ ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 2018 წლამდე უნდა ამუშავდეს. ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიაშვილმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პარლასში" ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ფინანსური ინსტიტუტების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ 2014 წლის ნოემბერში გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით. 
"მთავრობის მიზანია ინვესტორის შერჩევა ფოთში, ზღვის სანაპიროზე, წელიწადში სულ მცირე 2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ოპერირებისთვის. ქარხანა ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს 2018 წლის ბოლომდე, მან უნდა აწარმოოს ევრო 5 სტანდარტის ან მისი ეკვივალენტური, ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების მსუბუქი და საშუალო დისტილატები და სხვა ნავთობპროდუქტები, რომლის 20 პროცენტი უნდა შესთავაზოს ადგილობრივ ბაზარს. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა არანაკლებ 90 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები უნდა შეადგენდნენ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიაშვილმა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო სრულად დამოუკიდებელია იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე და ამ ეტაპზე ქვეყანაში არ ფუნქციონირებს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა. უწყების ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების მიმართ ადგილობრივ და რეგიონულ ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარე პროცესი, ნედლი ნავთობის მწარმოებელი რეგიონებს სიახლოვესთან ერთად მყარ საფუძველს ქმნის საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარებისთვის.
Print