რუბრიკები
მდინარე გუმისთა ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა
ოკუპირებულ აფხაზეთში სპეციალური საპარლამენტო კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც გენერალური პროკურორი, სოხუმის რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პარლამენტის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის წევრები მოხვდნენ. კომისია მდინარე გუმისთის ეკოლოგიური მდგომარეობის შემოწმების მიზნით შეიქმნა. მდინარე გუმისთის წყალი სოხუმის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების ერთ-ერთი საშუალებაა, ვინაიდან გუმისთა ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე სუფთა მდინარედ ითვლება. თუმცა,როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ის დღეს დაბინძურების საფრთხის წინაშე დგას. სწორედ მოსახლეობის ეს განცხადება და მრავალი საჩივარი გახდა სპეციალური კომისიის შექმნის მიზეზი. გავრცელებული ინფორმაციით,სოფელ აჩადარასთან ბეტონგადამამუშავებელი და ხრეშის მწარმოებელი სამი ქარხანა მოქმედებს. როგორც ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის დეპარტამენტში ამტკიცებენ, საწარმოებისთვის თანხმობა მათ უწყებას არ გაუცია, თუმცა ადგილზე მისულ კომისიის წევრებს ქარხნების მესვეურებმა ნებრთვის დამადასტურებელი საბუთები წარუდგინეს და განაცხადეს, რომ ეკოლოგების მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას ასრულებენ. მეწარმეების თქმით, მდინარის გასწვრივ, დასახლებულ პუნქტებთან ახლოს საწარმოო ზონა საბჭოთა პერიოდიდან არსებობს და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურა დაინტერესდა, რატომ არ ემთხვევა სპეციალური კომიტეტის მონაცემები იმ დოკუმენტებს, რომლებიც მეწარმეებმა წარადგინეს.მათი თქმით,ადგილობრივი კანონმდებლობა მსგავსი სამეწარმეო მოქმედებების უფლებას არ იძლევა. თუმცა,სპეციალური კომისია ღნიშნავს,რომ მათ კანონმდებლობაში მრავალი ხარვეზია, არ არის მითითებული წყალსაცავი ზონებიდან რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული მსგავსი საწარმოები და არ არსებობს წყალსაცავების დაცვის ნორმატივები.
Print