რუბრიკები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შესაძლოა პრემიის გაცემის განსხვავებული წესი მიიღოს (ვიდეო)
დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე თვითმმართველ ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის წესი განიხილეს. პროექტის სახით წარმოდგენილი დადგენილება, საკრებულოს წევრებმა კახა მიქაიამ და მამუკა წოწერიამ გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ საჯარო მოხელე პრემიას არა კვარტალში ერთხელ, არამედ იმდენჯერ უნდა იღებდეს რამდენჯერაც დაიმსახურებს. "წარმოდგენილი დადგენილება კომუნიზმში გვაბრუნებს", -აღნიშნა კახა მიქაიამ. ამის შემდეგ, განხილვაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელი არჩილ თოდუა ჩაერთო. მისი რეკომენდაციით, საჯარო მოხელემ პრემია, დასაბუთებულად, იმდენჯერ უნდა მიიღოს რამდენჯერაც იმსახურებს. ამასთან, თოდუამ საკრებულოს ურჩია უქმე დღეებთან (დღესასწაულები) დაკავშირებული პრემია გაუქმდეს. "ქვეყნის მასშტაბით თქვენ იქნებით ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელიც პრემიის გაცემის იდეალურ ვარიანტს მიიღებს", - უთხრა საკრებულოს წევრებს არჩილ თოდუამ.  საკრებულოს იურისტმა ნატალია პაპასკირის აზრით, უწყება მთავრობის დადგენილებას ვერ გადაუხვევს და დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის შენიშვნასა და რეკომენდაციას ვერ მიიღებს, რადგან ეს მთავრობის მხრიდან საყვედურს გამოიწვევს. ამიტომ , მისი თქმით, დადგენლება „მაინც დღეს წარმოდგენილი სახით იქნება მისაღები“. კახა მიქაიამ იურისტის განმარტებას ასე უპასუხა: “მე არასამთავრობოს ინიციატივას მხარი იმიტომ დაუჭირე, რომ მეგონა ჩვენ საკრებულოს ცვლილებების შეტანა შეგვეძლო, ქალბატონო ნატა, თუ ეს არ შეიძლება არ წარმოადგინოთ”. ახალ დადგენილებას საკრებულო განსახილველად , სავარუდოდ , მომავალ სხდომაზე წარადგენს . არასამთავრობოს ინიციატივის წინააღმდეგ წავიდა სოფელ ყულიშკარის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პროკოპენკო. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული დაბალი სოციალური პირობების გათვალისწინებით, პრემიის კვარტალში ერთხელ გაცემა საკმარისია. საბოლოოდ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დეპუტატების თანხმობით, პრემიის გაცემის წესი საკითხი კენჭისყრაზე შეცვლილი სახით დააყენა. კერძოდ ამოღებულ იქნა პრემიის კვარტალში ერთხელ და სადღესასწაულოდ გაცემის პუნქტები. ახალ დადგენილებას, საკრებულო განსახილველად სავარუდოდ მომავალ  სხდომაზე წარადგენს . ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და დადგენილება დღეს არსებული ფორმით მიიღო. პრემიის გაცემის წესის დადგენილების თანახმად, ქალაქის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირები პრემიას მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის მიიღებენ. პრემია შეიძლება კვარტალში ერთხელ გაიცეს. ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, პრემია აღნიშნული წესის გათვალისწინებით, შესაძლებელია წელიწადში სამჯერაც გაიცეს.  
Print