რუბრიკები
თბილისში, ფოთში, ხაშურსა და ბროწეულაში რკინიგზელთა აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)
"საქართველოს რკინიგზის" ახალი პროფკავშირების თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებმა დღეს, 10.00 საათზე, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაფიცვა დაიწყეს. მისივე ინფორმაციით, თანამშრომლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის სამართლიანი სახელფასო სისტემის შექმნა, სადაც სტაჟი და დამსახურება იქნება გათვალისწინებული, ასევე ახალი საპრემიო სისტემის შემოღება. თანამშრომელთა აქცია მიმდინარეობს რკინიგზის ხაშურის სადგურში. აქციაში სალიანდაგო და სხვა სამსახურების 100-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობს და სხვა რკინიგზელების შეერთებასაც ელოდებიან. როგორც  გაფიცვის ერთ-ერთმა მონაწილემ, რკინიგზელმა დავით ვაშაკიძემ განუცხადა, რკინიგზის სადგურის ხელმძღვანელობა, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად რკინიგზის ცვლის თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებს. მისივე განმარტებით, მობილიზებული არიან პოლიციისა და უშიშროების თანამშრომლები, რათა გაფიცვა როგორმე შეწყდეს. ვაშაკიძის თქმით, ზესტაფონიდან აქვს ინფორმაცია, რომ აქცია იქაც მიმდინარეობს და ლიანდაგი დაკეტილია. რკინიგზელთა აქცია მიმდინარეობს ქუთაისში, რკინიგზის სადგურ ბროწეულაში, სადაც რკინიგზის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები არიან შეკრებილები. ისინი ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებასა და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. გაფიცვა 10:00 საათზე დაიწყო. მატარებლების მოძრაობა გაჩერებულია. საპროტესტო აქცია იმართება ფოთის რკინიგზაშიც. ისინი მე-13 ხელფასის მიღებას ითხოვენ.
Print