რუბრიკები
ზუგდიდში დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს (ვიდეო)
ზუგდიდში, დევნილთა სამმართველოს შენობასთან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს.  ისინი  უკმაყოფილოები არიან სარეიტინგო ქულებით, რომელთა მიხედვით,  მათ თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები უნდა მიეღოთ. დევნილებმა საპროტესტო აქცია სამოქალაქო მოძრაობის “სამეგრელო ხმა”დახმარებითა და ორგანიზებით გამართეს. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ მათ მაღალი ქულები უსამართლოდ მიანიჭეს  და ამტკიცებენ, რომ გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. “ვითხოვთ კომისიის შექმნას და ჩვენი საცხოვრებელი პირობების ხელახლა შემოწმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბინების გადანაწილების პროცესს არ დაუშვებთ”, – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი დალი ქემერტელიძე. მოგვიანებით, აქციის მონაწიელებთან დევნილთა და განსახლების სამინისტროს სამმართველოს აჭარა-სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხელმძღვანელი ელდარ ღურწკაია მივიდა. ის დევნილებს და აქციის ორგანიზატორებს  დაჰპირდა, რომ  ბინების გადანაწილების პროცესში ჩართული კომისიის მუშაობაში,  დევნილებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს  ჩართავდა. დღევანდელ საპროტესტო აქციაზე გადაწყდა, რომ დევნილებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება. შეგახსენაბთ, რომ  თაბუკაშვილის ქუჩაზე, ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები 320 ოჯახზეა განკუთვნილი. ამავე კორპუსებში, ბინების მიღების მოთხვნითკი , სააპლიკაციო ფორმა 4 200 ოჯახმა შეავსო.  
Print