რუბრიკები
„აივ ინფექცია სუსტდება“
ოქსფორდის უნივერსიტეტის მასშტაბური კვლევის თანახმად, აივ ინფექცია უფრო და უფრო სუსტდება და შესაძლოა, სრულიად „უწყინარ“ ვირუსად იქცეს. კვლევის თანახმად, ვირუსისთვის ახლა უფრო რთულია ორგანიზმში შეღწევა და შემდეგ შიდსის გამოწვევა ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მსოფლიოში 35 მილიონზე მეტი ადამიანია აივ ინფიცირებული. ვირუსი ადამიანის იმუნურ სისტემას ანადგურებს, თუმცა ვირუსს ხვდება ისეთი ადამიანიც, რომელსაც განსაკუთრებულად ეფექტური იმუნური სისტემა აქვს. „ამ შემთხვევაში, ვირუსი მოქცეულია მყარ ზედაპირსა და ქვას შორის, ის შეიძლება გაიჭყლიტოს ან, იმ შემთხვევაში თუ შეიცვლება, გადარჩეს. ცვლილებას კი თავისი ფასი ექნება“, - განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ფილიპ გულდერმა. ეს „ფასი“ კი, არის ნაკლები ეფექტურობა და უფრო მეტი დრო, რომელიც აივ ინფექციას სჭირდება შიდსის გამოსაწვევად. ასეთი დასუსტებული ვირუსი კი, როდესაც სხვას გადაეცემა, უკვე ვეღარ შეძლებს თავისი წინანდელი ეფექტურობის დაბრუნებას. მკვლევართა ჯგუფმა ეს ანგარიში აფრიკაში ჩატარებულ კვლევაზე დააფუძნა. პროფესორ ფილიპ გულდერის თქმით, ბოტსვანაში აივ ვირუსის გამრავლების მაჩვენებელი 10%-ით უფრო დაბალია, ვიდრე სამხრეთ აფრიკაში, სადაც ვირუსი, ბოტსვანასთან შედარებით უფრო გვიან გამოჩნდა. თუ ბოტსვანაში აივ ინფიცირებული საშუალოდ 10 წელიწადში უკვე შეძენილ იმუნური დეფიციტის სინდრომს (შიდსს) იძენდა, ახლა ამას 12,5 წელის სჭირდება. „ეს, თითქოს, მცირე ცვლილებაა, თუმცა თუ დიდ სურათს შევხედავთ, ეს ძალიან სწრაფი ცვლილებაა“, - აცხადებს პროფესორი გულდერი. პროფესორი ასევე აცხადებს, რომ თეორიულად, თუ კაცობრიობა აივ ინფექციასთან დაკავშირებით არაფერს გააკეთებს, ათეული წლების შემდეგ, ის უფრო რეზისტენტული გახდება ვირუსის მიმართ - აივ ინფექცია პრაქტიკულად „უწყინარი“ გახდება. „ასეთი მოვლენები კაცობრიობის ისტორიაში ხდებოდა, თუმცა ჩვენ დროის ძალიან დიდ მონაკვეთებზე ვსაუბრობთ“, - აცხადებს პროფესორი. მისივე თქმით, იმ დრომდე, როდესაც აივ ინფექცია „უწყინარ“ სტატუსს თავისით მოიპოვებს, ძალიან დიდი დროა და სავარაუდოდ მანამდე მისი მკურნალობაც უფრო ხელმისაწვდომი გახდება და საბოლოოდ მისი განკურნებაც შესაძლებელი იქნება.
Print