რუბრიკები
ზუგდიდში ყოფილი ტექნიკუმის  შენობაში შეჭრილი დევნილები ბინებს ითხოვენ
ზუგდიდში შონიას ტექნიკუმის ყოფილ შენობაში შეჭრილი დევნილები უკმაყოფილოები  არიან მინიჭებული სარეიტინგო ქულებით, რომელთა მიხედვით ისინი თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებულ კორპუსებში ბინებს ვერ მიიღებენ.  აფხაზეთიდან დევნილები ამბობენ, რომ  გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, მათ მაღალი სარეიტინგო ქულები მიიღეს. დევნილები საცხოვრებელი პირობების ხელახალ შესწავლას და შემდეგ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.  ტექნიკუმის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები კიდევ ერთი პრობლემაზე საუბრობენ:რამდენიმე ოჯახს კრედიტის გადაუხდელობის გამო  ბანკმა ერთჯერადი დახმარების სახით დარიცხული თანხა -  200 ლარი "დაუბლოკა",რომლითაც ისინი ახლა  ვერ სარგებლობენ. ამასთან,  დევნილები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, არჩევნებამდე პოლიტიკოსები  პრობლემის მოგვარებას ჰპირდებოდნენ,  გამარჯვების შემდეგ კი დევნილები ყველას დაავიწყდა. ტექნიკუმის ყოფილ შენობაში შეჭრილ დევნილებს სამოქალაქო მოძრაობის  "სამეგრელოს ხმა" წარმომადგენლები შეხვდნენ და დახმარებას დაჰპირდნენ. "ვიცი, რომ აქ დევნილების ნაწილი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მათ არაერთხელ დაჰპირდნენ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას, თუმცა უშედეგოდ", - თქვა მოძრაობის "სამეგრელოს ხმა" წარმომადგენელმა თეონა ქარდავამ. ქალაქ ზუგდიდის მერიაში დევნილების ბრალდებების პასუხად განაცხადეს, რომ ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას მსგავსი დაპირება არავისთვის მიუცია, რადგან დევნილების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა მერიის პრეროგატივა არ არის.
Print