რუბრიკები
მესტიის გამგეობა  შპს "დაგი"-ს 6 მილიონ ლარს ედავება (ვიდეო)
ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და შპს "დაგი"-ს სასამართლო პროცესი გაიმართა. მესტიის მუნიციპალიტეტი სამშენებლო კომპანიისგან 6 მილიონ 700 ათას ლარს ითხოვს. დავის საგანი მესტიის ცენტრის რეაბილიტაციაა, რომელიც სამშენებლო კომპანიამ, მესტიის გამგეობის მტკიცებით, კანონიერი  საფუძვლტს გარეშე, არაკეთილსინდისიერად და უხარისხდოდ შეასრულა. სასამართლო პროცესი სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფუძვლო გამდიდრებას გულისხმობს და ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის დაბრუნებას ითვალისწინებს. შპს "დაგი"-ს წარმომადგენელმა გიორგი ნასყიდაშვილამა პროცესზე განაცხადა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის საჩივარი უსაფუძვლოა და კომპანიას ბრალი "არაფერში მიუძღვის". შპს-ს წარმომადგენელმა სასამართლოს მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობით მიმართა. ის ყოფილი დეპუტატის კანდიდ კვიციანის, მესტიის ყოფილი გამგებლის შმაგი ნაკანის, მესტიის ცენტრის რეაბილიტაციის პროექტის ავტორის მერაბ გუჯეჯიანის, კომპანიის ფინანსური მენეჯერისა და მუშების დაკითხვას ითხოვდა. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აბშილავას გადაწყვეტილებით, სასამართლო  შმაგი ნაკანსა და მერაბ გუჯეჯიანს დაკითხავს. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა ვალერი გელბახიანმა რადიო "ათინათთან" საუბარში აღნიშნა, რომ არც ერთ ობიექტზე, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარადა, მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა. მისივე მტკიცებით, მათ ასევე ვერ იპოვეს მესტიის ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი. "პროექტი მარტო ნახაზები არ არის. მას სჭირდება სამართლებრივი პროცედურების გავლა. კერძოდ,  სჭირდება გამგეობის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, ნებართვის გაცემა და დამტკიცება. სახელმწიფომ 23 მილიონი ლარი დახარჯა აღნიშნულ სამუშაოებზე და მშენებლობა ისე დაიწყო და დამთავრდა, რომ მას კანონიერი საფუძველი არ გააჩნდა", - თქვა  ველერი გელბახიანმა. მისივე განმარტებით, შპს "დაგი" სამშენებლო სამუშაოებითვის თანხას წინასწარ, სრულად იღებდა, მაშინ როდესაც ხელშეკრულების თანახმად წინასწარ მხოლოდ 30% უნდა მიეღო. მესტიის მუნიციპალიტეტის ცენტრის რეაბილიტაცია 2010-2012 წლებში განხორციელდა. შპს "დაგი" მთელი ქვეყნის მასშტაბით ასრულებს სამშენებლო სამუშაოებს. სასტუმრო "ანაკლია", განმუხურის ამფითეატრი, ქუთაისის საფეხბურთო სტადიონი, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, წყალტუბოს რეაბილიტაცია - ეს იმ ობიექტების არასრული ჩამონათვალია, სადაც შპს "დაგი"-მ სამშენებლო სამუშაოები შეასრულა. შპს-ს სახელმწიფოსგან ათობით მილიონი ლარი აქვს მიღებული.
Print