რუბრიკები
გალის დე ფაქტო გამგებელი მეგრულენოვანი ტელევიზიის გახსნას გეგმავს

გალის რაიონის დე ფაქტო გამგებელი თემურ ნადარაია გალის რაიონის საგანმანათლებლო საშუალო სკოლებში მეგრული ენის სწავლების შემოღებასა და მეგრული ტელემაუწყებლობის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ გალის რაიონიდან ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ აცნობა.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, თემურ ნადარაია მომავალი წლიდან გალის ტერიტორიაზე, კერძოდ კი გალის საკაბელო ტელევიზიის ბაზაზე, ადგილობრივი ფოსტის შენობაში ახალი მეგრულენოვანი ტელეკომპანიის გახსნას გეგმავს.

„შემოთავაზება მეგრულ ტელევიზიაში მეც მქონდა მაგრამ, რა თქმა უნდა, უარი განვაცხადე. დიქტორად მიმიწვიეს და მითხრეს, რომ ახალი გამგებლის დავალებაა და ამიტომ გთხოვეთო. მითხრეს რომ ტელევიზია მეგრულ ენაზე თავიდან მხოლოდ დღე-ღამეში 5 საათს იმაუწყებლებს. ეთერში მეგრულად გავა ახალი ამბები, ფილმები რომლებიც დუბლირებული იქნება მეგრულ ენაზე და მეგრული სიმღერები. სავარაუდოდ, მეგრულენოვანი ტელევიზიის სახელწოდება იქნება „სამურზაყანო”-აცხადებს smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში წყარო.

smo.ge-ს ინფორმაციით, მეგრულენოვანი ტელევიზია გალის რაიონში მაუწყებლობას სავარაუდოდ, პირველი მარტიდან დაიწყებს. „ტელეგადაცემების ნახვა ზუგდიდის რაიონის დაბალი ზონის სოფლებშიც იქნება შესაძლებელი, თუმცა როგორც ტელევიზიის დამფუძნებლები ამბობენ, ტელევიზიის სიგნალი დაფარავს მთელს დასავლეთ საქართველოს“, - აღნიშნულია გამოცემის ვებგვერდზე.

Print