რუბრიკები
საიამ ზუგდიდში ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში აქცია გამართა (ვიდეო)
საიას ზუგდიდის ოფისმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის მთავარი ხეივნის შუაგულში  დასკვნითი ღონისძიება გამართა. აქციის მონაწილეების განმარტებიოთ, ისინი გმობენ ყოველგვარ ძალადობას და ამ აქციით კიდევ ერთხელ მოახდინეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დემონსტრირება. აქციის მონაწილეებს თან ტრანსპარანტები ჰქონდათ წარწერით - " არ შევეგუოთ ოჯახში ძალადობას", "მე არ ვცნობ შეზღუდულ შესაძლებლობებს", "თეთრკანიანები, ფერადკანიანები, ეროვნული უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობები და სხვები  ჩვენთვის სინონიმებია" და სხვა. ამასთან, აქციის მონაწილეებმა და მოქალაქეებმა  სპეციალურად გაშლილ ბანერზე ფერადი საღებავებით საკუთარი ხელის ანაბეჭდი დატოვეს. "გვსურს, რომ ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის ძირითადი ღირებულებები, რომელიც მათ დაბადებიდანვე გააჩნიათ. იმ პირობებში, როდესაც დღეს სახელმწიფო ხელს აწერს ასოცირების ხელშეკრულებას, სადაც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, ვთვლი, რომ მსგავსი აქციები  ხალხს კიდევ ერთხელ მისცემს საშუალებას არ შეეგუოს მათი უფლებების ხელყოფას", -თქვა  საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ნინო ხუხუამ.    
Print