რუბრიკები
აფხაზური გამოცემა საქართველოს მოქალაქეების დაკავებაზე წერს (ვიდეო)
აფხაზური გამოცემა საქართველოს რვა მოქალაქის დაკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. გამოცემა "ნუჟნაია გაზეტა" წერს, რომ გალის რაიონის ძალოვანმა სტრუქტურებმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების ჩატარებისას ის პირები დააკავეს, ვინც, მათი მტკიცებით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. როგორც "ნუჟნაია გაზეტა" წერს, დაკავებული პირები გალის რაიონში დღესაც უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან და დივერსიულ ჯგუფებთან ერთად მოქმედებდნენ. აფხაზეთში ქართველების დაკავებას გამოეხმაურა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში ოთარ გოგოხია.

ოთარ გოგოხიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია საეჭვოა იმ კუთხითაც, რომ არ არიან დასახელებული ის პირები, ვინც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავებმა დააკავეს.

 „ჩვენი წყაროებით გადავამოწმეთ და ვერ დავადგინეთ ამ პირების ვინაობა, ასევე უცნობია თუ სად იმყოფებიან ეს ადამიანები, ჩვენთვის არ მოუმართავთ არც მათ ნათესავებს. ჩვეულებისამებრ ასეთი შემთხვევების დროს ისინი გვიკავშირდებიან. მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ ყოფილა, ეს უფრო გავს პროვოკაციას“ - აცხადებს  ოთარ გოგოხია.

ერთ-ერთმა დაკავებულმა, გალის რაიონში მცხოვრებმა ომარ აბშილავამ, გამოცემის ინფორმაციით, უკვე მისცა ჩვენება და დაადასტურა, რომ 1992-1993 წლებში საომარ მოქმედებებში იყო ჩართული.
Print