რუბრიკები
კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატი "ენერგო-პრო ჯორჯიასგან" გამრიცხველიანების პროცესის დასრულებას ითხოვს (ვიდეო)
დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, "თავისუფალი დემოკრატებიდან", ცოტნე მურღულიამ აბონენტების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. დეპუტატის განმარტებით, "ენერგო-პრო ჯორჯიამ"  ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რომლებიც 2014 წელს უნდა დასრულებულიყო, არ შეასრულა. სოფელ კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატის ცოტნე მურღულიას ინფორმაციით, ჯერ კიდევ მიმდინარე წელს , აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება შემდეგ სოფლებში უნდა დასრულებულიყო: ბაში, განმუხური, ერგეტა, კოკი, კორცხელი, ორსანტია, ტყაია, ყულიშკარი, შამგონა, ჩხორია, ჭაქვინჯი, ხეცერა, და ასევე სენაკისა და წალენჯიხის სამი სოფელი: უშაფათი, ნაკიფუ და მუჟავა. მისივე განცხადებით, ამ დრომდე სამუშაოები საერთოდ არ დაწყებულა ხეცერაში, კორცხელში, ორსანტიაში, ყულიშკარში და სხვ. "ჩვენ მივმართეთ "ენერგო - პრო ჯორჯიას" კითხვით, თუ რატომ არ ხერხდებოდა სამუშაოების დაწყება მთელ რიგ სოფლებში. მათი არგუმენტი , რომ კომპანიამ მთელი რესურსი კონფლიქტისპირა  სოფლებისკენ მიმართა -  უსაფუძვლოა, რადგან ამ გეგმა-გრაფიკში საზღვრისპირა სოფლებიც არის ჩამოთვლილი" - თქვა ცოტნე მურღულიამ. მურღულიას გაცხადებით, მათ ანალოგიური კითხვებით ასევე  საქართველოს  ენერგეტიკის სამინისტროს მიმართეს, საიდანაც უპასუხეს , რომ ისინი  სახელშეკრულებო ვადის ამოწურვას დაელოდებიან და საჭიროების შემთხვევაში, ამის შემდეგ მიიღებენ შესაბამის ზომებს. გარდა ამისა, კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, მის სოფელში ხვალ, 24 დეკემბერს მოსახლეობა, ინდივიდუალური  გამრიცხველიანების მოთხოვნით, გამაფრთხილებელ აქციას გამართავს. კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ეკაურიდიამ რადიო "ათინათთან" საუბარში აღნიშნა, რომ სენაკისა და წალენჯიხის ყველა სოფელში გამრიცხველიანების პროცესი მთლიანად დასრულებულია, ხოლო რაც შეეხება ზუგდიდის 10 სოფელს, მათ შორის კორცხელსა და ყულიშკარს,  გამრიცხველიანების  პროცესი იქ  2015 წელს დასრულდება. მისივე თქმით, რაც შეეხება, სოფელ ხეცერას, აქ ეს პროცესი უკვე დასრულებულია.  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში გამრიცხველიანების პროცესის დაუსრულებლობის მიზეზებზე "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენელს განმარტებები არ გაუკეთებია.
Print