რუბრიკები
"საყდრისის მცველებს" ზუგდიდში სოლიდარობა გამოუცხადეს (ვიდეო)
სამოქალაქო მოძრაობის "სამეგრელოს ხმა" წარმომადგენლები  საყდრისთან დაკავშირებულ აქციებს ეხმაურებიან და მათ მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ. ამასთან, სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები რეგიონებში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მოქალაქეებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აქტიურობისკენ მოუწოდებენ. სამოქალაქო მოძრაობის  "სამეგრელოს ხმა" წარმომადგენლები რამდენიმე დღეში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ცნობისთვის, საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს გადარჩენის მოთხოვნით თბილისსა და საბადოს ტერიტორიაზე აქციები თვეზე მეტია მიმდინარეობს. კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის  №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. საყდრისის მაღარო 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.
Print