რუბრიკები
ზუგდიდში ამომრჩეველი ქალის საჭიროებებზე და პრიორიტეტებზე იმსჯელეს
ზუგდიდში  "მედიის განვითარების ფონდმა"  პროექტ „ქალები ცვლილებებისთვის“ ფარგლებში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს  ქალი ამომრჩევლის პრიორიტეტები და  საჭიროებები გააცნო.  გარდა ამისა, პარტიის წარმომადგენლები ეუთოს დასკვნასაც გაეცნენ, რომელიც წინასაარჩევნო პროცესებს ეხებოდა.  ეუთოს შეფასებით, საქართველოში ქალები საარჩევნო პროცესში ნაკლებად არიან ჩართულნი.  ამავე დასკვნის თანახმად, საქართველოში ქალები ამა თუ იმ პარტიის მიმართ  უფრო ერთგულები არიან, ვიდრე მამაკაცები.  საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პარტიებმა ქალი ამომრჩევლების საჭიროებებზე მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ. ორგანიზაციის მიერ ზუგდიდში ჩატარებული კვლევის თანახმად  ქალებმა ძირითად პრობლემად დასაქმება, განათლების ხელმისაწვდომობა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში ქალების სიმცირე დაასახელეს. გარდა ამისა, შეხვედრაზე ითქვა, რომ პარტიებმა შიდაპარტიული კვოტირება უნდა შემოიღონ და ამით უნდა დაბალანსდეს პოლიტიკაში ქალების ჩართულობა თუ აქტიურობა. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ზუგდიდში გენდერული თანასწორობის საკითხი მწვავედ არ დგას, რადგან 15 კაციან საკრებულოში 3 დეპუტატი ქალია.  ქალაქის მერიაში კი შვიდი კომისიიდან ოთხს  ქალი ხელმძღვანელობს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისგან განსხვავებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ედიტა კოდუამ თქვა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში 45 წევრიდან, მხოლოდ 4 ქალია და მათგან არც ერთი არ არის  კომისიის ხელმძღვანელი და გადაწყვეტილებების მიმღები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის ყოფილმა  კანდიდატმა თეიმურაზ ბასილაიამ შეხვედრაზე თქვა, რომ მათ თვითმმართველობის არჩევნებზე 4 კანდიდატი ჰყავდათ და აქედან ერთი ქალი იყო.  მისივე თქმით, მათი პარტიის წარმომადგენელმა ქალმა წინასაარჩევნო პერიოდი, მიუხედავად დამარცხებისა, ბრწყინვალედ ჩაატარა.
Print