პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის პროცედურის დაწყებას მთავრობის არაადეკვატურ რეაქციად აფასებს
"ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურების დაწყებას საქართველოს მთავრობის არაადეკვატურ რეაქციას უწოდებს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა,რომ პროკურატურის მხრიდან 20.00 საათზე საერთაშორისო ძებნაზე განცხადება სერიოზული არ არის. "მე მგონია, რომ ნერვიულობენ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, მათი ნერვები სრულიად არაადეკვატურ მდგომარეობაშია. საღამოს 8 საათზე გაახსენდათ, რომ საერთაშორისო ძებნა გამოეცხადებინათ, ამას სერიოზულად არავინ მიიღებს ნორმალურ სამყაროში და შეიძლება სააკაშვილი ვანუატუში ან რომელიმე ქვეყანაში არ შეუშვან. რუსეთში, ვანუატუში, ტუალუში, მე მგონი, არ შეუშვებენ, თუმცა მე ვერ შევატყვე მიხეილ სააკაშვილს, რომ ის იკითკენ მიილტვის", - განაცხადა რატიანმა. "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პოკურატურის რეაქცია სარფის საბაჟოზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოების გამოჩენამ გამოიწვია. "სასაცილოა პროკურატურის რეაგირება. გამოაცხადონ ძებნა და ვნახოთ, დაველოდოთ ინტერპოლი დასვამს თუ არა ძებნაზე. ხელისუფლება უკვე შეპყრობილია მანიაკალური მოქმედებებით", - განაცხადა ვაშაძემ. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები გუშინ თურქეთში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს.
Print