პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა
ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა. ნორლანდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. ელჩმა მოუწოდა ყველას, ვისაც არ ქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა გაეცნოს. "ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, რაც აისახება მთელ რიგ სხვადასხვა ფაქტორში. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ დაპატიჟა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რათა მონაწილეობა მიიღოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს განხილვაში ერაყთან დაკავშირებით, რომელიც 19 სექტემბერს შედგება. ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მინისტრები მიწვეულები არიან ვაშინგტონში, რათა მონაწილეობა მიიღონ გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამიტზე, რომელიც მოგვიანებით გაიმართება", - განაცხადა ელჩმა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 13 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც მოუწოდებს საქართველოს ყველა პროდემოკრატიულ და პროევროატლანტიკურ ძალას, ფოკუსირება მოახდინონ საერთო ინტერესებზე, რომელიც დაფუძნებულია ახლახან განხორციელებულ მიღწევებზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამავე ძალებს მოუწოდებს, ერთობლივად იმუშავონ, რათა ქვეყანა წინ წავიდეს და ძალისხმევა მიიმართოს ეკონომიკური და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაზე. "ჩვენ შეშფოთებული ვართ ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებით და სისხლის სამართლებრივი დევნით, ასევე იმ რისკებით, რასაც პოლიტიზებული სამართლებრივი დევნა შეუქმნის საქართველოს დემოკრატიას. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას, რომელიც უნდა შეიცავდეს პოლიტიკურ პლურალიზმს და ღია დებატების პატივისცემას", - ნათქვამია განცხადებაში.
Print