პოლიტიკა
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის განხილვა სასამართლოში დღეს იწყება
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქემზე წინა სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. საუბარია ექსპერტ ლევან ჩაჩუას ეპიზოდზე, რომელიც საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო. როგორც ლევან ჩაჩუას ადვოკატმა, ზურაბ ტაბიძემ განაცხადა, ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩატარდება, სადაც ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და ჩაჩუას გათავისუფლებას მოითხოვს. ზურაბ ტაბიძე ჩაჩუას საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შუამდგომლობის დაყენებასაც აპირებდა, თუმცა როგორც ადვოკატი ამბობს, პროკურატურამ სასამართლო პროცესის გამართვამდე, თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. ადვოკატის თქმით, მას უკვე ჩაბარდა საქმის მასალები, სადაც ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის ჩატარებაზე ცნობა არ არსებობს. შესაბამისად, ადვოკატის თქმით, აღნიშნული პროცედურა არ არის ჩატარებული. "ექსჰუმაცია უნდა ჩატარდეს მთავარი საქმის ფარგლებში, საიდანაც გამოიყო ხარშილაძის, ძაძამიასა და ჩაჩუას საქმეები. მთავარი საქმე ზურაბ ჟვანიას გაზით გაგუდვაზეა აღძრული უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით 2005 წლის 3 თებერვალს", - განაცხადა ადვოკატმა.
Print