პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. 
საქართველოში არ იგეგმება არავითარი საწვრთნელი ცენტრის გახსნა და არც სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა კოალიციის ფარგლებში. ამასთან, ვაცხადებთ, რომ საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რისი დასტურიც არის ჩვენი მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში. რაც შეეხება IS-ის ("ისლამური სახელმწიფოს") წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას, საქართველოს მონაწილეობა ძირითადად შემოიფარგლება ჰუმანიტარული მისიებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კოალიციის ფარგლებში საქართველოდან არც სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა და არც საწვრთნელი ცენტრის შექმნა არ იგეგმება, - ნათქვამია განცხადებაში.
Print