პოლიტიკა
ფარული მიყურადების საკითხის მოსაწესრიგებლად ხელისუფლებას ვადა თებერვლამდე აქვს

65 მომხრე, 31 წინააღმდეგი - ამგვარი შედეგით დეპუტატებმა ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაზე ე.წ. პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის საკითხი გადაავადეს.

საკითხის მომხსენებლის შალვა შავგულიძის განცხადებით, მმართველი გუნდი არ არის ჩამოყალიბებული, სად უნდა იყოს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის "გასაღები" – შსს-ში, დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოში, კომუნიკაციების კომპანიებში  თუ ეგრეთ წოდებული ორმაგი გასაღების სისტემა უნდა შემოიღონ.

აღნიშნულ საკითხე მსჯელობისთვის დეპუტატებს ვადა მიმდინარე წლის თებერვლის ბოლომდე აქვთ, რადგან თებერვლის ბოლოს უკვე კანონპროექტი უნდა მომზადდეს, რომელიც მარტის დასაწყისში პარლამენტში შევა, კანონმდებლები განიხილავენ და პირველი აპრილიდან ამოქმედდება.

 შავგულიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საკითხის გადავადება არ მოხდებოდა, სამართალდამცავი ორგანოები საქმიანობის განხორციელებას ვერ შეძლებდნენ, რადგან ძალაში დოკუმენტის ის ნაწილი შევიდოდა, რომელსაც დეპუტატებმა საგაზაფხულო სესიაზე უყარეს კენჭი. აღნიშნული ვერსიის თანახმად კი, 2015 წლის პირველი ნოემბრიდან ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაზე გასაღები მობილური კომპანიის ხელში გადადის.

Print