პოლიტიკა
ახალი სასწავლო წლიდან გაიზრდება მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი
ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი 50 ლარით, მაღალი კატეგორიის პედაგოგთა ხელფასი კი დაახლოებით 200 ლარით გაიზრდება - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. მისივე ინფორმაციით, მომავალ წელს პენსია მაქსიმუმ 25 ლარით გაეზრდება მხოლოდ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს, 2016 წლიდან კი თანხა ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის მოიმატებს. საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა 2015 წლის  ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, პირველად ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი დაახლოებით 170 მილიონი ლარით გაიზარდა. ნოდარ ხადურის ინფორმაციით, დაფინანსება გაეზრდება რამდენიმე სამინისტროს, მათ შორის 25 მილიონი ლარით ჯანდაცვის სამინისტროს და 15-15 მილიონით თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს მთავრობა პარლამენტს ამ კვირაში წარუდგენს.
Print