პოლიტიკა
ხვალიდან საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება

5 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის საყოველთაო აღწერას იწყებს.

 აღწერა 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 19 ნოემბერს დასრულდება.

ეს პროცესი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარდა საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს. ქვეყნის ყველა მოქალაქე, ასევე მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი, ვალდებულია, აღწერაში მიიღოს მონაწილეობა.

„აღწერა მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ უნიკალური საინფორმაციო წყაროა. მის შედეგად მოსახლეობის რიცხოვნობაზე, მათ სქესობრივ–ასაკობრივ სტრუქტურაზე, დასაქმებაზე, განათლებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საარსებო წყაროებსა და საცხოვრისებზე უახლესი ინფორმაცია იქნება მიღებული. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის სათანადოდ შემუშავებასა და სწორი პოლიტიკის გატარებაში დაეხმარება. პირველადი მონაცემები აღწერიდან 6, დაზუსტებული კი 18 თვეში გამოქვეყნდება“, _ აღნიშნა მერი დაუშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო ასეთი აღწერა საქართველოში 2002 წელს ჩატარდა. მაშინდელი მონაცემებით ქვეყნის ტერიტორიაზე 4 მილიონ 371 000 ადამიანის აღირიცხა. წლევანდელი აღწერისათვის კითხვარები დაიხვეწა და მათ მოქალაქეთა აღმსარებლობისა და სოფლის მეურნეობის სექტორში საქმიანობის ნაწილებიც დაემატა.

2014 წლის საყოველთაო აღწერის ხელშეწყობისა და ხარისხიანი მონაცემების შეგროვების მიზნით შვედეთის მთავრობასა და გაერო–ს მოსახლეობის ფონდს შორის თანადაფინანსებით ხელშეკრულება გაფორმდა. მის ფარგლებში შვედეთის მთავრობამ 1 100 000 აშშ დოლარზე მეტი დამატებითი რესურსი, ხოლო გაერო–ს მოსახლეობის ფონდმა 200 000 აშშ დოლარი გამოყო.

Print