პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა დავით ზალკალიანმა, თამარ ბერუჩაშვილმა, დავით ჯალაღანიამ და ვლადიმერ გურგენიძემ თანამდებობები დატოვეს. მაია ფანჯიკიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთა. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი მაია ფანჯიკიძის გარდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმაც დატოვა. მაია ფანჯიკიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა. მინისტრად დანიშვნამდე, მაია ფანჯიკიძე მონაწილეობდა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" საქმიანობაში. 2012 წლის თებერვალში მაია ფანჯიკიძემ კოალიციის პრესსპიკერისა და ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. პოლიტიკაში გადანაცვლებამდე მაია ფანჯიკიძემ დიპლომატიური კარიერის გზა გაიარა. ის იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2004-2007) და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2007-2010). საგარეო უწყებაში მას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, პირველი მდივნობიდან დაწყებული, დამთავრებული მინისტრის მოადგილეობით.
Print