პოლიტიკა
ვახუშტი მენაბდე - შექმნილ ვითარებაში პრეზიდენტის ვეტოს უფრო დიდი ფასი დაედება
შექმნილ ვითარებაში პრეზიდენტის ვეტოს უფრო დიდი ფასი დაედება, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი  ვახუშტი მენაბდე აცხადებს. "უმრავლესობა ამ პირობებით აღარ იარსებებს და თავიდან უნდა შედგეს. ჩვენ ვიცით რაოდენობა, შემცირდება, უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭიროა 76 დეპუტატი და ეყოლებათ 73. თუმცა ეს თავისთავად არ ნიშნავს რაიმე განსაკუთრებულ მოვლენას, თუ უნდობლობის პროცედურა არ წამოიწყო პარლამენტმა და ვერც "თავისუფალი დემოკრატების" დანაკლისი შეივსო, მაშინ ჩვენ გვეყოლება ტექნიკური მთავრობა, რომელსაც არ ჰყავს უმრავლესობა პარლამენტში, თუმცა არც უნდობლობა არ გამოუცხადებია მისთვის პარლამენტს და ამ ვითარებაში ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, ყველა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, საჭირო იქნება უმრავლესობის ხელახლა ფორმირება", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ და დასძინა, რომ ეს ყოველვივე "პროცესებს უფრო მეტად ინკლუზიურს და დემოკრატიულს გახდის".
რაც შეეხება პრეზიდენტის როლს საკანონმდებლო საქმიანობაში, ვახუშტი მენაბდის თქმით, ის მხოლოდ ვეტოთი შეიძლება განისაზღვროს. "მას აქვს ვეტოს გამოყენების უფლება, რაც მოითხოვს 76 დეპუტატის მხარდაჭერას. ამ ვითარებაში პრეზიდენტის ვეტოს უფრო დიდი ფასი დაედება, ვიდრე დღევანდელი კონფიგურაციის პარლამენტში არის", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
Print