პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: 7 ნოემბერი სახელმწიფოს უახლესი ისტორიის სისხლიანი თარიღია
7 ნოემბერი სახელმწიფოს უახლესი ისტორიის სისხლიანი თარიღია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, 7 ნოემბერი არის თარიღი, რომელსაც ხალხი არასოდეს აპატიებს "ნაციონალურ მოძრაობას".

"მაშინდელმა ხელისუფლებამ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე - სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები, საკუთარი მოქალაქეები, ფეხქვეშ გათელა მათი პიროვნული ღირსება და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები. მინდა, გავიხსენო 7 ნოემბერს დამოუკიდებელ ტელეკომპანია "იმედში" შეჭრა. ეს იყო თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ძალადობრივი გზით და რეჟიმის გამოხატულება. მაშინ და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენი საზოგადოება, თავისუფლების მოყვარული ხალხი ღირსების შელახვას არასოდეს შეეგუება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, თბილისში სპეცრაზემლებმა რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დასაშლელად, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გარდა, მხუთავი ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოყენეს. მხუთავი და ცრემლდენი გაზი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე იქნა გაშვებული, რის გამოც მომიტინგეების გარდა, ჟურნალისტები და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოქალქეებიც მოიწამლნენ. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაჰყავდათ. მხუთავი გაზი თეატრალურ ინსტიტუტშიც იქნა გაშვებული, დაზარალებული სტუდენტები რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილნი.

განვითარებულ მოვლენებს ტელეკომპანია "იმედი" პირდაპირ ეთერში გადასცემდა, რასაც მოგვიანებით "იმედის" დარბევა მოჰყვა. გაერთიანებული ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან კავშირს ამტკიცებდა.

Print