პოლიტიკა
ნაცმოძრაობა პენსიის ზრდას 2015 წლის 1 იანვრიდან ითხოვს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2015 წლის 1 იანვრიდან ყველა ასაკით პენსიონერისთვის პენსიის ზრდას ითხოვს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,პენსიის ზრდის გარეშე 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება პარტიისათვის მიუღებელია. „ბიძინა ივანიშვილის დაპირებული 220-ლარიანი პენსია მისი მმართველობის მესამე წელსაც კვლავ განუხორციელებელ ოცნებად რჩება. ბოლოს ასაკობრივი პენსიის ზრდა პარლამენტმა ნაციონალური მოძრაობის მიერ დატოვებული ბიუჯეტის ხარჯზე 2012 წელს დაამტკიცა და პენსია 150 ლარი გახდა. იმის გამო, რომ ეკონომიკური ზრდა შეჩერდა, სახელმწიფო ბიუჯეტი არ იზრდება, მთავრობა დანაპირებს ვერ ასრულებს, ხოლო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვას ყოველწლიურად მილიარდიანი ვალის აღებით აპირებს“, -- აღნიშნულია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში. ამავე ცნობით, ქვეყანაში ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 687 000-ს შეადგენს. „მთავრობა აცხადებს, რომ პენსია არა ყველას, არამედ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს გაეზრდებათ და არა 2015 წლის 1 იანვრიდან, არამედ 1 სექტემბრიდან. ქვეყანაში სოციალურად დაუცველი დაახლოებით 105 000 ასაკით პენსიონერია. 2015 წლის 1 სექტემბრიდან მათთვის 25 ლარით პენსიით მომატების ხარჯი სულ რაღაც 10.5 მილიონი ლარია. ყველა ასაკით პენსიონერისთვის პენსიის ზრდის გარეშე 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის მიუღებელია“,- ნათქვამია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.
Print