პოლიტიკა
დიმიტრი კისელევის რადიომ თბილისამდე მოაღწია

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო "როსია სეგოდნიას" ეგიდით საქართველოში მაუწყებლობას ქართულ ენაზე იწყებს საინფორმაციო-ანალიტიკური რადიოსადგური "სპუტნიკი".

"ეთერის ბადეში იქნება ინფორმაცია, ინტერვიუები, ანალიზი, კომენტარები. ჯერჯერობით მაუწყებლობას ვიწყებთ ოთხი საათით - დილით ორ საათს და საღამოსაც - ასევე ორ საათს. მაუწყებლობის ენა ქართული იქნება. მომავალი წლიდან სადღეღამისო მაუწყებლობაზე გადასვლას ვგეგმავთ. ჯერჯერობით მაუწყებლობა მოკლე ტალღაზეა, FM 101,4, თუმცა მალე რადიოს მოსმენა ინტერნეტითაც იქნება შესაძლებელი", - აცხადებს რადიოსადგურის შეფი ანტონ ლასხიშვილი. ლასხიშვილმა დაამატა, რომ რადიოსადგური არ იქნება პროპაგანდისტული დანიშნულების. მისი თქმით, ისინი ისაუბრებენ იმაზეც, რაზეც სხვები დუმან.

 შეგახსენებთ, ეს ფრაზა ტელეკომპანია "Russia Today"-ს სლოგანიც გახლავთ, რომელიც სწორედ პროპაგანდაში დაადანაშაულეს არაერთხელ, როგორც აშშ-ში, ასევე დიდ ბრიტანეთში. უკრაინაში მისი მაუწყებლობა შეზღუდულია.

 შეგახსენებთ, რომ "როსია სეგოდნიას" სათავეში უდგას ცნობილი რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი დიმიტრი კისელევი.

Print