პოლიტიკა
საპატრიარქო 15 ნოემბრის აქციებთან კავშირს უარყოფს
15 ნოემბერს ვარდების მოედანზე ანექსიის საწინააღმდეგოდ დაგეგმილ აქციასა და კონტრაქციასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ: „როგორც ცნობილია, ა.წ. 15 ნოემბერს თბილისში იმართება აქციაც და კონტრაქციაც. გარკვეულწილად, ორივე მხარე ცდილობს, ეკლესია ჩართონ ამ პროცესებში. იმ აზრსაც ავრცელებენ, თითქოს კონტრაქცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ტარდება.ამიტომაც, საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ, რომ 15 ნოემბერს დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება არც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და არც, ზოგადად, საქართველოს ეკლესიის ინიციატივით არ ხორციელდება. ეს არის ამ თავყრილობების ორგანიზატორთა თავისუფალი ნების გამოხატულება. ჩვენ, ჩვენის მხრივ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თავი აარიდონ პროვოკაციებსა და ურთიერთდაპირისპირებას. ქვეყნის გამთლიანება ქვეყნის შიგნიდან უნდა დაიწყოს, - ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. საქართველოს ეკლესია დღესაც და ყოველთვისაც ლოცულობდა და ქმედით ნაბიჯებს დგამდა საქართველოს საზღვრების აღდგენისა და ჩვენი ხალხის ერთობისათვის. ჩვენ კვლავაც შევთხოვთ ღმერთს, რათა უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობითა და კეთილდღეობით“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. 15 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, ვარდების მოედანზე აქცია - „ერთად გავაპროტესტოთ ანექსია“ იგეგმება. რაც შეეხება კონტრაქციის გამართვის საკითხს, „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენელ ლადო სადღობელაშვილის თქმით, „თავისუფალი თაობა“ მიმდინარე დღეებში არავითარ კონტრაქციას არ გეგმავს.
Print