პოლიტიკა
ირაკლი ალასანია რეგიონებში გასვლას იწყებს
„თავისუფალი-დემოკრატების“ ლიდერი პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ შეხვედრას გორში გამართავს. 

ალასანია თანაგუნდელებს და მხარდამჭერებს 18 ნოემბერს, გორის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შეხვდება, სადაც სამომავლო მუშაობის გეგმებზე იმსჯელებენ. პარტიის გორის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი და ამავე დროს საკრებულოს დეპუტატი თამარ თედლიაშვილი აცხადებს, რომ ეს იქნება რეგიონული შეხვედრა, სადაც გორთან ერთად ქარელის, კასპის და ხაშურის წარმომადგენლობა მიიღებს მონაწილეობას. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზის განახლება და შესაბამისი რეგისტრაცია, ვინ წავიდა, ვინ დარჩა, იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ზუსტი რაოდენობა. დაგეგმილია უახლოეს პერიოდში ასევე ჩვენი ოფისის გახსნაც, რომელიც გორში ერთობის ქუჩაზე მდებარეობს და სადაც ყველაფერი მზადაა. ვიდრე ოფისს არ გავხსნით, ვერ დავიწყებთ მუშაობას.  სავარაუდოდ, ალასანიასთან შეხვედრისას ასეთ დეტალებზე გვექნება საუბარი, ჩვენ რეგიონულ წარმომადგენლებს რა თქმა უნდა, გვაქვს შეკითხვები მუშაობასთან დაკავშირებით“, - განმარტავს თამარ თედლიაშვილი. 
18 ნოემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე სავარაუდოდ, ადგილობრივი ოფისის თავმჯდომარის ვინაობაც დასახელდება.
Print