პოლიტიკა
ემზარ კვიციანის ოჯახის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს
ემზარ კვიციანის ოჯახის წევრებმა გმირთა მოედანზე შიმშილობა დაიწყეს. ისინი კვიციანისთვის 12-წლიანი პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ. 
ამასთან, კვიციანის ოჯახის წევრები მოითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც ემზარ კვიციანის საქმეს შეისწავლის. 
როგორც მსჯავრდებულის დამ, ნორა კვიციანმა განაცხადა, მას კითხვები აქვს ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელ ეკა ბესელიასთან. კერძოდ, ნორა კვიციანის მტკიცებით, ბესელიას კომიტეტის გადაწყვეტილებით, ემზარ კვიციანი პოლიტპატიმრების სიიდან ამოიღეს. გარდა ამისა, ნორა კვიციანის თქმით, დღევანდელი განაჩენიდან გამომდინარე მას შეკითხვები აქვს 32 დეპუტატთან, რომლებიც, მისი თქმით, ემზარ კვიციანს გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებში უდგებოდნენ.  ემზარ კვიციანის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, 12-წლიან სასჯელთან დაკავშირებით, პოლიტიკურად არის მოტივირებული. მათი განცხადებით, ემზარ კვიციანი მოქმედი ხელისუფლების პირველი პოლიტპატიმარია.  ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ემზარ კვიციანს გუშინ 12 წლით პატიმრობა მიესაჯა. კვიციანისთვის გამოტანილ განაჩენს მისი ადვოკატი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 
ემზარ კვიციანი საქართველოში მიმდინარე წლის 28 თებერვალს დაბრუნდა. საზღვრის გადმოკვეთისთანავე იგი დააკავეს. მას წინა ხელისუფლების პირობებში 2006 წელს დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა. საქართველოში მისი დაბრუნების შემდეგ კი სასამართლომ მისი საქმის განხილვა დაიწყო. კვიციანს ბრალად ამბოხების მოწყობა და გადატრიალების მცდელობა ედება.
Print