პოლიტიკა
დავით ნარმანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა
თბილისის მერიისა და საკრებულოს დელეგაცია დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი, ირაკლი ბერეკაშვილი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი, ავთანდილ სუდაძე.  ვიზიტის ფარგლებში გაიმართება თბილისისა და გუანჯოუს მერების ოფიციალური შეხვედრა, რის შემდეგაც  ხელი მოეწერება ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას. დაგეგმილია შეხვედრები ბიზნეს წრეებთან და „ქართულ-ჩინური მეგობრობისა და თანამშრომლობის ასოციაციის“ ოფისის გახსნა. დავით ნარმანია ასევე შეხვდება ქალაქ ურუმჩის მერს.
დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელზეც დავით ნარმანია სიტყვით გამოვა.  როგორც ჩინეთში გამგზავრებამდე თბილისის მერმა განაცხადა, კონფერენციაზე იმსჯელებენ გუანჯოუსთან დაძმობილებულ ქალაქებში ურბანული განვითარების პერსპქტივებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, თბილისსა და გუანჯოუს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს საინვესტიციო და ურბანული განვითარების, ასევე  კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში თანამშრომლობას, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო შედეგს მოიტანს.
Print