პოლიტიკა
რკინიგზის გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების შემცირებას უპირებენ
რკინიგზის ახალი პროფკავშირების წარმომადგენლის თეიმურაზ ბერაძის ინფორმაციით, რკინიგზის თანამშრომლები გაფიცულები არიან კახეთში, ხაშურში, ზესტაფონსა და სამტრედიაში. მისივე თქმით, მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება. გაფიცულები სახელფასო პირობების გაუმჯობესებასა და პრემიების სისტემის გაზრდას მოითხოვენ. როგორც ახალი პროფკავშირების წარმომადგენელმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათ რკინიგზის დეპარტამენტმა ახალი სახელფასო პირობები გუშინ გააცნო. "ახალი სახელფასო ბადე ჩვენი ხელფასების კლებას გამოიწვევს. თუ აქამდე იმის გამო ვმართავდით აქციას, რომ ხელფასების მომატება გვინდოდა, დღეს უკვე გაფიცულები იმის გამო ვართ, რომ არსებული ხელფასები არ დაგვაკლონ", - განაცხადა თეიმურაზ ბერაძემ. რკინიგზის ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები და რკინიგზის გაფიცული თანამშრომლები დეპარტამენტის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებს მემანქანეები და მათი თანაშემწეები შვებულებიდან იძულებით გამოჰყავთ სამუშაოდ, რათა გაფიცული თანამშრომლები ჩაანაცვლონ.
Print