პოლიტიკა
ემზარ კვიციანის განაჩენს ადვოკატები სააპელაციო სასართლოში გაასაჩივრებენ
3 დეკემბერს  კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაცვის მხარე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასჩივრებს.

კვიციანის ადვოკატი რევაზ კახნიაური აცხადებს,  რომ მოსამართლემ ბრალდებულისთვის მუხლის არასწორი კვალიფიკაცია მოახდინა.

"ამბოხი არ შემდგარა, იყო მხოლოდ მოწოდება. მოწოდების დროს, გათვალისწინებულია სხვა სასჯელი და ამბოხის დროს, როდესაც ადამიანები იღუპებიან, სულ სხვა სასჯელია. ემზარ კვიციანის იქ ყოფნის პერიოდში, არავინ არ დაღუპულა", - აცხადებს კახნიაური.

შეგახსენებთ, კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს 17 ნოემბერს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ემზარ კვიციანს სამხედრო ამბოხებასა და ტერორისტული აქტების მოწყობაში ედებოდა ბრალი. იგი სამართალდამცველებმა რუსეთიდან დეპორტაციის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას, თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

Print