პოლიტიკა
კორუფციის ინდექსით საქართველო 175 ქვეყანას შორის 50-ე ადგილზეა
კორუფციის აღქმის ინდექსიის მიხედვით, საქართველო 52 ქულით 175 ქვეყანას შორის 50-ე პოზიციაზეა. არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დღეს მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველოში კორუფციის აღქმის ინდექსი ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურია, თუმცა ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება ელიტური კორუფცია და ელექტრონული შესყიდვები. არასამთავრობო ორგანიზაცია ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის პრევენციისთვის საკანონმდებლო ნორმების პრაქტიკაში აღსრულებას მოითხოვს და ანტიკორუფციული სისტემის შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებს. ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია ქვეყანაში კორუფციასთან საბრძოლველად გასატარებელი ღონისძიებები. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობას გადაუგზავნის. "ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის საჭიროა არსებობდეს ეფექტური მექანიზმები და სისტემა; არსებობდეს ანტიკორუფციული სამსახური. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი და აპოლიტიკური საჯარო სექტორი არსებობდეს. დღესაც ნეპოტიზმის ფაქტები არსებობს საქართველოში და ამ ფაქტებთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა," - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური. კვლევის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას შორის. ამავე დროს, საქართველოს უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოს: ჩეხეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, იტალიას და რუმინეთს. პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებს შორის საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვთ ესტონეთს, პოლონეთს, ლიტვას, სლოვენიას, ლატვიას და უნგრეთს.
Print