პოლიტიკა
დევნილთა სახლებისთვის გამოყოფილი თანხის მითვისების ფაქტზე 5 პირს ბრალი წაუყენეს
ლტოლვილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის უკანონოდ დაუფლების ბრალდება ხუთ პირს წაუყენეს. მათგან 3 პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელია.მათ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მილიონზე მეტი ლარის მითვისებაში ადანაშაულებს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს შპს NBG-ის დირექტორები - ნუგზარ ენდელაძე და ალექსანდრე ხურციძე, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი უფროსი თეიმურაზ მაღალდაძე, ამავე სამმართველოს ყოფილი მთავარი სპეციალისტი რატი სვანიძე და საფინანსო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ამირან გოგიძე. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შპს NBG-ის ხელმძღვანელები,ლტოლვილთათვის ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროცესში,მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილს მილიონ 081 ათას 611 ლარს. „გარდა ამისა, სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ შეამოწმეს სამშენებლო სამუშაოები და ყალბი აქტები დაადასტურეს ხელმოწერით. ამასთანავე, ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა და სამინისტროს სასარგებლოდ არ მოითხოვა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია - 211 ათას 200 ლარი,რითაც სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print