პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშხაბადში გიორგი მარგველაშვილი თურქმენ კოლეგას გურბანგული ბერდიმუჰამოდოვს შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია პრეზიდენტების შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული შემადგენლობით. ქართული და თურქმენული მხარეები ერთობლივ დოკუმენტებსაც მოაწერენ ხელს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკის სფეროსში, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი თურქმენეთის დამოუკიდებლობის მონუმენტს და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის მავზოლეუმს მოინახულებს, რის შემდეგაც თურქმენეთის ეროვნულ მუზეუმს ეწვევა. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე. გიორგი მარგველაშვილი საქართველოში 15 დეკემბერს დაბრუნდება.
Print