პოლიტიკა
პუტინი შეყვარებულია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ის შეყვარებულია. მან ამის შესახებ 18 დეკემბრის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა. პუტინის აღნიშნულ განცხადებას „რადიო თავისუფლების" ამერიკული სამსახური ავრცელებს.

ჟურნალისტმა მას კითხვა პირად ცხოვრებაზე დაუსვა და პრეზიდენტი მოიხსენია, როგორც რუსეთის ნომერ პირველი სასიძო. პუტინმა ჟურნალისტს უთხრა, რომ ანალოგიური კითხვა მას ევროპელმა მეგობარმაც დაუსვა.

ევროპელ მეგობარსაც და ჟურნალისტმაც პუტინმა უპასუხა "დიახ". ევროპელი მეგობრის შეკითხვას, არის თუ არა სიყვარული ორმხრივი, პუტინმა კიდევ ერთხელ უპასუხა "დიახ." „ყველაფერი კარგად არის, არ ინერვიულოთ." - აცხადებს პუტინი.

62 წლის ვლადიმერ პუტინმა სიყვარულის ობიექტის ვინაობა არ გაამხილა.

2008 წელს, მოსკოვის გაზეთები აქტიურად წერდნენ, რომ პუტინი ყოფილ ოლიმპიურ ტანმოვარჯიშეზე ალინა კაბაევაზე აპირებდა ქორწინებას, თუმცა პუტინმა გავრცელებული ჭორი უარყო. პუტინმა მკაცრად გააკრიტიკა გაზეთი მის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევისთვის და ძალიან მალე გამოცემა დაიხურა.

პუტინმა და მისმა ყოფილმა ცოლმა ლუდმილამ გასულ წელს საჯაროდ განაცხადეს, რომ მათი 30-წლიანი თანაცხოვრება დასრულდა. პუტინის პრესსპიკერმა აპრილში წყვილის ოფიციალურ განქორწინებაზე გააკეთა განცხადება.

18 დეკემბრის პრესკონფერენციაზე პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ლუდმილასთან „კარგ, მეგობრულ ურთიერთობას" ინარჩუნებს.

Print