პოლიტიკა
"რაც ეხება ჩემს დასაქმებას, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს შეუძლია, არ ინერვიულოს," - მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი პუტინს მიმართავს და ურჩევს, თავი დაანებოს იმ პოლიტიკას, რომელსაც ახლა ატარებს და ის მზად არის, უშუამდგომლოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან, რომ მასაც გამოუნახონ სამუშაო.

„ოღონდ პუტინმა თავი დაანებოს იმას, რასაც აკეთებს, მასაც სიამოვნებით შევაწევ სიტყვას და მზად ვარ ავიყვანოთ ჩვენს ინსტიტუტში და ჩავაბაროთ რამე მემუარების დაწერა, ოღონდ ჩამოშორდეს იმ საქმეს, რასაც ახლა აკეთებს,” - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, პუტინი მაშინაც კი, როდესაც მისი ქვეყანა უფსკრულისკენ მიემართება, მიხეილ სააკაშვილზე ლაპარაკობს. მაგრამ, მისივე თქმით, ყველაზე სამწუხარო ამ რეალობაში ის არის, რომ მისი და საქართველოს ხელისუფალთა ტერმინები ერთმანეთის იდენტურია.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ თავისუფლების იდეა აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ჩვენი უკან დახევა დროებითია. მართალია, პუტინმა დასვა თავისი გემოვნების შესაბამისი მმართველი 2 მილიარდ დოლარად, მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ჩემი სხეულის ნაწილებზე, რა ეპითეტებითაც არ უნდა შემამკოს, მთავარი აქ პიროვნული დაპირისპირება ნამდვილად არ არის. მთავარი არის ის, რომ ჩვენ შევქმენით იდეა, რომელიც ვერ დამარცხდება. დროებით ამ იდეამ უკან დაიხია, მაგრამ ის აღმოცენდა უკრაინაში, ამ იდეამ ახლახან გაიმარჯვა მოლდოვაში და ის აუცილებლად გაიმარჯვებს რუსეთში და ეს არის თავისუფლების იდეა, რომლის განსახიერებად და სიმბოლოდ იქცა ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებდით საქართველოში,” - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

Print