პოლიტიკა
ცხინვალსა და მოსკოვს შორის შეთანხმების ტექსტს რუსული მედია ავრცელებს

რუსული მედია რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის დაგეგმილი ახალი შეთანხმების პროექტს აქვეყნებს.

ტექსტის თანახმად, რომელიც "ვედომოსტიში" დაიბეჭდა, იგეგმება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ინტეგრაცია. გაერთიანდება რუსეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის არმია და ძალოვანი სტუქტურები, მათ შორის სპეცსამსახურები.

მოსკოვი იღებს ვალდებულებას კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებაზე. ასევე რუსეთი იქნება პასუხისმგებელი სამხრეთ ოსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეც.

შეთანხმების თანახმად, ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტები და საბაჟო კონტროლი გაუქმდება, რის შედეგადაც ხალხის გადაადგილება და ტვირთის მოძრაობა თავისუფლად იქნება შესაძლებელი.

მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმება მოსკოვსა და ცხინვალს შორის 2015 წლის დასაწყისში იგეგმება.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბორის ჩოჩიევის ცნობით, შეთანხმების ტექსტმა ხელმოწერამდე შესაძლოა გარკვეული ცვლილება განიცადოს.

Print