პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - 2015 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გაზრდილი პენსია ექნებათ
სოციალური პროექტები არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. "იცით, რომ სოციალური პროექტები არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მე მოგახსენებთ ისეთ პროექტებზე, რომლებიც ჩვენს იმ მოქალაქეებს ეხება, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს სახელმწიფოს ყურადღებასა და თანადგომას. 2015 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გაზრდილი პენსია და სპეციალური სერვისები ექნებათ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პენსია 2015 წლის სექტემბრიდან საარსებო მინიმუმს გაუტოლდება და შეიქმნება სპეციალური სერვისები. პენსია 9 929 ბავშვს გაეზრდება. აგრეთვე 2015 წლის ზაფხულიდან დაიწყება სპეციალური პროგრამა აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის, შეიქმნება ჩამორჩენის მქონე ბავშვებისთვის შინ მოვლის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს შინ მოვლის მომსახურებას, მათი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას, მიტოვების პრევენციას და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას. პროგრამა გამიზნულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 7-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. 2015 წლის იანვრიდან დონორთა დახმარებით მომზადდებიან სპეციალისტები, პროგრამა კი 2015 წლის სექტემბერიდან დაიწყება", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მთავრობის კიდევ ერთი დაპირება იყო, რომ არც ერთი დევნილი აღარ დარჩება საკუთარი ჭერის გარეშე. "საცხოვრებლით უკვე უზრუნველყოფილია 10 ათას 500 დევნილი. 1 ლარად საცხოვრებელი ფართობი დაუკანონდა და კერძო საკუთრებაში გადაეცა 4 ათასამდე ოჯახს. ყველაფერს გეგმის მიხედვით მივყვებით და 2016 წლისთვის ამ პროექტსაც დავასრულებთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
Print