პოლიტიკა
პრემიერი ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს წარმატებულად აფასებს

პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს შორის ყველაზე წარმატებულად და ეფექტურად ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროში მთავრობამ უდიდესი ძალისხმევა ჩადო და ამის შედეგი მიიღო კიდეც.

„ჩვენ უკვე გვაქვს უდიდესი შედეგები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები აქამდე არასდროს განხორციელებულა ჩვენს ქვეყანში და ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, ათასობით ოჯახი გადარჩა ამ პროგრამით და ბევრმა ადამიანმა იგრძნო შვება,” - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცე ჰეპატიტის მკურნალობის სამთავრობო პროგრამაზე, რომელშიც უდიდესი თანხები ჩაიდო და რომლის შედეგადაც უახლოეს მომავალში საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც ცე ჰეპატიტი მთლიანად იქნება დაძლეული.

„პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი გახდება მედიკამენტი, რომელიც ცე ჰეპატიტისგან განკურნების 90%-იან შანსს იძლევა. ეს არის წარმოუდგენლად დიდი მიღწევა,” - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა მისი ინიციატივით ჩამოყალიბებული სოლიდარობის ფონდის წარმატებული მუშაობა. მისი თქმით, საზოგადოების სოლიდარობის შედეგი იყო ის, რომ დაფინანსდა უმძიმესი სენით დაავადებული 48 ბავშვის მკურნალობა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ფონდის საქმიანობაში.

Print